English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ დავით ასლანიშვილი
საქართველოს სახელმწიფო ვალის სექიურიტიზაციის მაგალითი

რეზიუმე

კვლევა ეძღვნება საქართველოს მთავრობის დავალიანებას საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე და მისი დაფარვის წესს, რაც სახაზინო ობლიგაციების ემისიასა და ეტაპობრივ დაფარვაში გამოიხატა. სტატიაში აღწერილია ვალის წარმოშობისა და ამ მექანიზმის გამოყენების სქემა და განმარტებულია ის დადებითი ზეგავლენა, რამაც ამ პროცესმა – სექიურიტიზაციამ – მოახდინა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები: სექიურიტიზაცია, ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ვალი

შესავალი

საქართველოში გამოშვებული სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდები არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისას და გარდამავალ პერიოდში მოსახლეობას გააჩნდა სახელმწიფოს მიერ გამოშვებული სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდი, რომელიც საქართველოს კანონით „სახელმწიფო ვალის შესახებ“ აღიარებულ იქნა სახელმწიფო საშინაო ვალში[1].

ამ მხრივ სახელმწიფო ვალს მიეკუთვნა შემდეგი ფასიანი ქაღალდი და დავალიანება:

ა) მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება;

ბ) ყოფილი სსრ კავშირის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება;

გ) რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული, საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება;

დ) თურქმენეთიდან 1995 წლის ჩათვლით მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის დავალებით ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქციის ანაზღაურებაში არსებული დავალიანება;

ე) საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება;

ვ) ყოფილი სსრ კავშირის 1990 წლის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება;

ზ) კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება;

თ) მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი დავალიანება;

ი) მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ლატარიაში მოგებული ნივთების გაუნაღდებლობით წარმოქმნილი დავალიანება;

კ) ყოფილი სსრ კავშირის „ინდუსტრიაბანკის“ მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის ბათუმის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სავალუტო სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება.

აღნიშნული დავალიანების გასტუმრება რეგულირდება ამავე კანონით[2].  ყურადსაღებია ამ კანონის  მუხლი 481, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებულ დავალიანებას ეხება. შეიძლება ითქვას, რომ ეს დავალიანება საფუძვლად დაედო ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის - სახაზინო ობლიგაციის წარმოშობას[3]:

* * *

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან განუხრელად იზრდებოდა მთავრობის დავალიანება ეროვნული ბანკისადმი და მან 2006 წლის 15 მარტისთვის შეადგინა 832.846.323 ლარი და 50 თეთრი[4].

სანამ უშუალოდ მიმოვიხილავდეთ ობლიგაციების გამოშვების თავისებურებას საქართველოში, განვიხილავთ ვალის დაგროვების მეთოდს:

1994 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად იყენებდა საქართველოს ეროვნული ბანკის სესხს. ანუ ცივილური გზის ნაცვლად, რომელიც გულისხმობს ოპერაციებს ღია ბაზარზე და ინვესტორებთან ურთიერთობას, საქართველოში, ფაქტობრივად, ადგილი ჰქონდა ფულად ემისიას (მონეტარული დაფინანსება).

2006 წლის 20 მარტს კი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმდა “შეთანხმება საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ”.

საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაიფაროს  2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან[5].

2006 წლის 15 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით[6], დამტკიცდა “საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ“ დებულება.

ამ სახის სახელმწიფო ფასიან ქაღალდს საფუძვლად უდევს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვისა და რეგისტრაციის წესი და სპეციალური დებულება[7]. დებულებაში განმარტებულია, რომ სახელმწიფო ობლიგაცია არის კუპონური სახელმწიფო საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდი, დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში და გამოშვებული არამატერიალიზებული ფორმით.

დავალიანება სრულად დაიფარება 2030 წელს. აღნიშნული ობლიგაციები ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს ღია ბაზრის ოპერაციებისათვის.

ობლიგაციაზე გადასახდელი კუპონის წლიური განაკვეთი 2006, 2007 და 2008 წლებში განისაზღვრა 13%-ით, ხოლო სავალო ვალდებულებაზე გადასახდელი პროცენტი 2006 წელს წლიური 7%-ის, 2007 და 2008 წლებში 6%-ის ოდენობით.

2008 წლის შემდგომ წლებში ობლიგაციებზე კუპონის განაკვეთს და სავალო ვალდებულებებზე წლიურ საპროცენტო განაკვეთს ადგენს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად, საბაზრო პროცენტების გათვალისწინებით.

აღნიშნული შეთანხმებით და ამ ფასიანი ქაღალდების ემისიებით და დაფარვებით მთლიანად გაიწერა ვალის დაფარვის გრაფიკი და საქართველოს ეროვნულ ბანკს გაუჩნდა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ანუ დავალიანებამ, რომელიც აქამდე უბრალოდ აღრიცხული იყო ეროვნული ბანკის ბალანსზე, შეიძინა ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა და ფუნქცია.

ამასთან, ობლიგაციები არ არის ის ერთადერთი დადებითი, რაც ეროვნული ბანკისა და მთავრობის შეთანხმებითაა მიღწეული. ამ გზით შეიცვალა მთავრობისა და ეროვნული ბანკის დამოკიდებულება - ამიერიდან მთავრობის ეროვნული ბანკიდან პირდაპირი დაფინანსება არ ხდება. ხორციელდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია.

ეს საეტაპო მნიშვნელობის ნაბიჯი იყო იმიტომ, რომ ცენტრალური ბანკის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ითვლება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შემადგენელ ნაწილად და, პირიქით, – როდესაც პირდაპირი დაკრედიტება აკრძალულია, ეს არის კანონმდებლობით დაფიქსირებული ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ საქართველოში იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

დებულების თანახმად, სახელმწიფო ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული 16-დან 60 თვემდე დაფარვის ვადის მქონე სახელმწიფო კუპონური ობლიგაცია, 1000 ლარის ნომინალური ღირებულებით; კუპონი არის წლიური სარგებელი (პროცენტული შემოსავალი), რომელსაც მიიღებს სახელმწიფო ობლიგაციის მფლობელი წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში, სახელმწიფო ობლიგაციების მოქმედების ვადის განმავლობაში; ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია ადგენს გასაყიდი ობლიგაციების მაქსიმალურ მოცულობასა და მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს (ანუ განაკვეთს, რომლის ზემოთაც ეროვნული ბანკი არ გაყიდის ობლიგაციებს). 

საერთოდ, ობლიგაციები გრძელვადიანებია (მაგალითად, შეერთებული შტატების სახელმწიფო ობლიგაციების ვადა 30 წელს აღწევს). საერთაშორისო პრაქტიკით ამ ფასიან ქაღალდებს პირდაპირ ღია ბაზარზე ყიდის ფინანსთა სამინისტრო და ჩვენს შემთხვევაში, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოხდა ვალის გადაფორმება.

დასკვნა

თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთ ძირითად გრძელვადიან პრიორიტეტს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მდგრადი და ზრდადი ტემპების მიღწევა, სადაც მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება სახელმწიფო ვალის რეგულირებას.

საშინაო ვალი მთლიანი სახელმწიფო ვალის ნაწილია. სახელმწიფო თავიანთი ფუნქციების შესრულების პროცესში ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როდესაც საკუთარი ფინანსური სახსრები საკმარისი არ არის დასახული მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად. ასეთ პირობებში, სახელმწიფო ხარჯებისა და ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად იქმნება შიდა და უცხოური სესხების მოზიდვის აუცილებლობა, რაც იწვევს  სახელმწიფო ვალის  წარმოშობას და ზრდას. სახელმწიფო ვალის  სწრაფი ზრდა, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში,  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მთავარ პრობლემად იქცა, რაზეც მოწმობს ბოლო პერიოდში მომხდარი გლობალური კრიზისი და აშშ-ს, გერმანიისა და ევროკავშირის ქვეყნების სუვერენული ვალის პრობლემა.

დღეს სახელმწიფო ვალი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მატულობს, რის მიზეზადაც ბიუჯეტის დეფიციტის და საგადასახდელო ბალანსის უარყოფითი სალდოს ზრდა ითვლება.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები შეუცვლელი ინსტრუმენტია ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარების საქმეში. სახელმწიფოს მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების დროს, სხვა მიზანთა შორის გამოირჩევა ქვეყანაში ფულის მასის რეგულირება, ანტიინფლაციური ღონისძიებების გატარება, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის სტიმულირება და მისი გაცვლითი კურსის სტაბილურობის ხელშეწყობა[8].

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ხელს უწყობს საბანკო სექტორს და კერძო ინვესტორებს, დააბანდონ თავიანთი თავისუფალი სახსრები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ლიკვიდურად. აუქციონები ტარდება ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემის გამოყენებით. მათი შეძენა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს - აუქციონში მონაწილეობის მიღება უმარტივესი პროცედურაა და ხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით[9]. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის“ შესახებ.
  2. დებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი https://www.nbg.gov.ge/index.php?m=611 2006 წლის 15 მაისს, საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ“.
  3.  “შეთანხმება საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ”, 2006 წლის 20 მარტი.
  4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის #335 ბრძანება.


[1]წყარო: კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 48. კანონის მიღებამდე სხვადასხვა ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებებად აღიარება.

[2]იქვე, მუხლი48, კარი1, 2, 3 და 4.

[3]იქვე, მუხლი 481.

[4]წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი https://www.nbg.gov.ge/index.php?m=611

[5]წყარო: საქართველოს 2006  წლის 11 მაისის კანონი №3012 - სსმ I, №13, 13.05.2006 წ., მუხ.88.

[6]წყარო: ბრძანება №444/138 ( სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.060.22.033.008.607), თბილისი, საქართველო.

[7]წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის #335 ბრძანება.

[8]წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი: www.nbg.ge

[9]წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი:www.nbg.ge